სასწავლო ცენტრი

   KARL STORZ- ის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი “CAUCASUS” დაარსდა 2011 წლის 25 მაისს. სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს ტრენინგები ენდოსკოპიურ ქირურგიაში.

    თანამედროვე ქირურგიაში ენდოსკოპიურმა პროცედურებმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ენდოსკოპიური ქირურგიის პოპულარობას ხელი შეუწყო გარემოებებმა:

 

·         მცირე ზომის განაკვეთი, შესაბამისი უკეთესი კოსმეტიკური ეფექტით;

·         ნაკლები პოსტოპერაციული ტკივილი და ანალგეტიკების შედარებით ნაკლები საჭიროება;

·         პაციენტის სტაციონარში ყოფნის მოკლე პერიოდი, ცხოვრების ჩვეული რიტმის სწრაფი აღდგენა;

·         შეხორცებებისა და პოსტოპერაციული თიაქარის განვითარების დაბალი ალბათობა;

·         დაინფიცირების ნაკლები რისკი.

 

    ენდოსკოპიური ქირურგია მოითხოვს ღია ქირურგიისაგან მკვეთრად განსხვავებულ ჩვევებს, რომელთა გამომუშავებაც მიიღწევა ინტენსიური სწავლების კურსით. მეტად მნიშვნელოვანია სპეციალისტების მომზადება ენდოსკოპიური პროცედურებისათვის. აღნიშნული ტიპის სწავლება მოითხოვს საკმაოდ ძვირად ღირებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას; რომელიც საქართველოში არ არსებობდა და, ამასთანავე, ყველა ექიმი ვერ ახერხებდა  საზღვარგარეთ ენდოსკოპიური ქირურგიის ტრენინგ კურსების გავლას.  

    სწორედ ამ მიზნით ქალაქ თბილისში კომპანია “მირკოს” და KARL STORZ SE & Co KG -ის ერთობლივი ძალისხმევით 2011 წლის მაისში გაიხსნა ამიერკავკასიაში პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრი. ცენტრი ენდოსკოპიური პროცედურებისათვის საჭირო აპარატურისა და ინსტურმენტების წარმოებაში ლიდერი კომპანიის KARL STORZ SE & Co KG -ის პროდუქციით არის აღჭურვილი.

    სასწავლო ცენტრში სწავლება მიმდინარეობს სიმულატორების და სპეციალური სავარჯიშოების მეშვეობით. ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს ექიმებს გამოიმუშაონ/განიმტკიცონ ენდოსკოპიური ქირურგიისთვის აუცილებელი ჩვევები და მიღებული გამოცდილება წარმატებით გამოიყენონ პრაქტიკაში.

    სასწავლო ცენტრში “CAUCASUS” მოქმედებს რამოდენიმე ტრენინგ პროგრამა, რომლებშიც 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ივლისამდე მონაწილეობა მიიღო 50-მა მსურველმა. მათ შორის მოქმედმა ქირურგებმაც და რეზიდენტებმაც.

    სასწავლო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთის ქალაქ კლერმონ-ფერანში არსებულ CICE-ს ენდოსკოპიური ქირურგიის საერთაშორისო ცენტრთან. სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულია ყოველწლიურად სამი საუკეთესო მსმენელის შერჩევა; რომელთაც საშუალება ეძლევათ CICE-ს სასწავლო ცენტრის დირექტორის რევაზ ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით ქალაქ კლერმონ-ფერანში უფასოდ გაიარონ ტრენინგები.  

     KARL STORZ-ის საერთაშორისო სასწავლო ცენტრ “CAUCASUS”-სა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს(თსსუ) შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი; რომლის ფარგლებშიც ქალაქ შეფილდის პედიატრიული კლინიკის პროფესორმა საქართველოში, თბილისში ჩაატარა პირველი პედიატრიულ-ლაპარასკოპიული ოპერაცია 3 თვის ბავშვზე.

     დაგეგმილია, რომ ცენტრის ეგიდით საქართველოს წამყვან კლინიკებში სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეულმა მსოფლიო დონის სპეციალისტებმა ჩაატარონ ტრენინგები. დღეისათვის უკვე ჩატარებულია ტრენინგები გინეკოლოგიაში, ტრავმატოლოგიაში, უროლოგიაში, ართროსკოპიასა და ყელ-ყურ-ცხვირის ენდოსკოპიურ ქირურგიაში. სამომავლოდ იგეგმება გაფართოვდეს ტრენინგების პროფილი და მოიცვას მედიცინის სხვა სპეციალობებიც.